პოლონეთში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელი კომისია დაიშალა

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავ ტუ-154-ის ნამსხვრევები სმოლენსკთან, 2010 წლის 14 აპრილი

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დაითხოვა ქვეკომიტეტი, რომელსაც ხელახლა უნდა გამოეძიებინა სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ავიაკატასტროფის მიზეზები. 2010 წელს რუსეთის ტერიტორიაზე მოხდარ საავიაციო კატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეკომიტეტის წევრებმა „მომდევნო ორშაბათამდე, 18 დეკემბერამდე, უნდა მოაწესრიგონ ყველა დოკუმენტაცია, უძრავი ქონება და აღჭურვილობა, რომელიც ქვეკომიტეტის მუშაობისთვის გამოიყენებოდა“. ასევე გაუქმებულია ქვეკომიტეტის წევრების ყველა უფლებამოსილება.

სამინისტროში დასძენენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ლიკვიდირებული ქვეკომიტეტის საქმიანობის ყველა ასპექტს გააანალიზებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩაკმა თქვა, რომ ქვეკომიტეტის დაშლა ნიშნავს „ასობით მილიონი ზლოტის დახარჯვის დასრულებას იმ საქმიანობებზე, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ სმოლენსკის კატასტროფის მიზეზების გარკვევასთან“.

  • 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის მახლობლად პოლონეთის კუთვნილი ტუ-154 თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.

  • პოლონეთში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ეჟი მილერის ხელმძღვანელობით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რათა გამოეძიებინა ავიაკატასტროფის მიზეზები. კომისიის დასკვნის თანახმად, თვითმფრინავმა დაშვების დროს ფრთა წამოსდო ხეს, დაკარგა კონტროლი, მიწას დაენარცხა და ცეცხლი წაეკიდა.
  • 2015 წელს დაიწყო მუშაობა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა კიდევ ერთმა სპეციალურმა კომისიამ. 2017 წელს კომისიამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა აფეთქების დამადასტურებელი ხმოვანი ჩანაწერი მფრინავების კაბინაში არსებულ საბორტო თვითჩამწერზე.
  • მოგვიანებით, საავიაციო კატასტროფების კვლევის ექსპერტის ფრენკ ტეილორის მოხსენების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა განადგურდა შიგნიდან აფეთქების შედეგად; რომ იყო აფეთქების რამდენიმე წყარო; და რომ ხე, რომელსაც ლაინერი შეეჯახა დაცემის დროს, არ იყო ფრთის თავდაპირველი განადგურების მიზეზი.
  • რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა.