სომხეთმა რუსული მაუწყებლის ფილიალს ლიცენზია ერთი თვით შეუჩერა

სომხეთის ხელისუფლებამ ერთი თვით შეუჩერა ლიცენზია სომხეთში რუსული მაუწყებლის ფილიალს, Tospa-ს, რომელიც რუსეთის არხის, Sputnik-ის გადაცემების რეტრანსლაციას ეწევა.

ამ ნაბიჯის მიზეზია სომხური წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის „ირონიული და შეურაცხმყოფელი“ კომენტარი სომხეთის შესახებ.

სომხეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კომისიამ Tospa-ს დააკისრა ასევე 1200 დოლარის შესაბამისი ჯარიმა კომენტარისთვის, რომელიც „შორს არის რეალობისგან“.

კეოსაიანი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარია. ცოლ-ქმარს დასავლეთმა დაუწესა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის აშკარა მხარდაჭერისთვის.