ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზების შესწავლას მოითხოვს

მარცხნიდან: მაგული ჩხობაძე უფლებადამცველებთან ერთად

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა მაგული ჩხობაძე შვილის გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

ქუთაისში, 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგული ჩხობაძემ, რომელიც პროფესიით ექიმი პათანატომია, უფლებადამცველებთან ერთად მიმართა ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლონ კლინიკის მიერ ჩატარებული ოპერაციისა და პოსტოპერაციული პროცესის წარმართვის სისწორე. ასევე - ის, რამდენად სწორად მიეწოდა დიაგნოზი თურქულ კლინიკას, სადაც ქეთი ბერძენიშვილი მოთავსებიდან რამდენიმე დღეში, ნოემბერში გარდაიცვალა.

მაგული ჩხობაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შვილი დაეღუპა არასწორი ქირურგიული ოპერაციის, პოსტოპერაციული მართვისა და ჰოსპიტალური ინფექციის გამო.

„მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს, ხდება კი საქართველოში ღვიძლის პათოლოგიის მართვა? ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვძრავთ, ამიტომ მივმართავ რეგულირების სამმართველოს, შეისწავლოს საკითხი, თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე - მაისიდან ნოემბრამდე - მე ვიყავი ყველა პროცესის მომსწრე და ერთად გავიარეთ ჩვენ ყველაფერი“, - ამბობს მაგული ჩხობაძე.

ქეთი ბერძენიშვილის ოჯახის ადვოკატების თქმით, ყველა კვლევა და დიაგნოზი ადასტურებს, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო არა სიმსივნე, არამედ ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული სეფსისი.

„2019 წელს ქეთი ბერძენიშვილს დაუდგინდა ღვიძლის სადინარის კიბო და საფრანგეთში განხორციელებული ოპერაციის და მკურნალობის გავლის შემდეგ განიკურნა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს არ წარმოადგენს სიმსივნე, არამედ მიზეზი იყო ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ და მკურნალობამ განაპირობა. ამიტომ ოჯახის მთავარი კითხვები ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, სათანადო სამედიცინო მკურნალობას და პაციენტის მიმართ საჭირო ყურადღებას ეხება, უშუალოდ რამ განაპირობა სეფსისი, რაც დადასტურდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ოჯახი თვლის, რომ ქეთის არ გაუწიეს სათანადო ყურადღება ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“, – აცხადებს ადვოკატი მარიამ ლევიძე.

ასევე ნახეთ გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ოჯახის და ადვოკატების საპასუხოდ, ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ობიექტური რეალობის დასადგენად კლინიკა აუცილებლად ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან.

სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში წერია:

„პაციენტი წლების განმავლობაში ებრძოდა უმძიმეს დაავადებას და მკურნალობდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. 2023 წელს, დაავადების პროგრესირების გამო, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მომართა ჰოსპიტალს, ურთულესი კლინიკური მონაცემებისა და კონკრეტული დაავადების სიმძიმის ფონზე ვერ მოხერხდა ქირურგიული ჩარევა, (მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა) სამწუხაროდ, პაციენტის გამოსავალი ვერ გაუმჯობესდა. კლინიკური შემთხვევები დეტალურ და ღრმა ანალიზს მოითხოვს“.

რადიო თავისუფლებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ განცხადების საფუძველზე საკითხის შესწავლა დაიწყო.

რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს სტამბოლში გარდაიცვალა. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.