Bloomberg-მა 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისა და მისი მოკავშირე "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების წარმომადგენლებსა და ე.წ. "გლობალური სამხრეთის" სახელმწიფოთა მცირე ჯგუფს შორის გამართული ფარული შეხვედრის შესახებ.
Bloomberg-ის მონაცემებით, რომლებიც ეყრდნობა ვითარების მცოდნე წყაროებს, ეს ფარული შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გაიმართა გასული წლის 16 დეკემბერს საუდის არაბეთში. მას წინ უძღოდა უფრო დიდი და ფართოდ რეკლამირებული განხილვები, აღნიშნავს სააგენტო.
დისკუსიების გასაიდუმლოება ნაწილობრივ იმას ემსახურებოდა, რომ მის მონაწილეებს თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ, მათ შორის გადაწყვეტილების მიღებისას - წასულიყვნენ ამ შეხვედრაზე, თუ არა. შედარებით უფრო მცირე ფორმატი, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, იძლეოდა უკრაინული "მშვიდობის ფორმულისა" და მისი განხორციელების საშუალებების უფრო თავისუფალი და გულწრფელი განხილვის საშუალებას.
Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა ვერ მოხერხდა. უკრაინა და "დიდი შვიდეული" კვლავ ეწინააღმდეგებიან "გლობალური სამხრეთის" მოწოდებებს რუსეთთან უშუალო ურთიერთქმედების შესახებ. სააგენტო წერს, რომ დეკემბრის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოფიციალური პირები ინდოეთიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდანაც კი მაშინ, როცა "გლობალური სამხრეთის" სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც ადრინდელ, უფრო დიდ შეხვედრებს უჭერენ მხარს, კერძოდ, ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, შეხვედრაზე თავიანთი წარმომადგენლები არ გაგზავნეს.
ამასთან დაკავშირებით Bloomberg-ი წერს, რომ პეკინი შეხვედრის მონაწილე ბევრი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც მოსკოვზე გავლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი - რუსეთსა და ჩინეთს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით.
კიევმა და მისმა მოკავშირეებმა "დიდი შვიდეულიდან" შეხვედრაზე დაადასტურეს პოზიცია, რომ ნებისმიერი სამართლიანი მშვიდობა უნდა შეესაბამებოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, აქამდე საგნობრივი მოლაპარაკებებისკენ სერიოზული მისწრაფების არანაირი ნიშნები არ გამოუვლენია.
"დიდი შვიდეულის" წარმომადგენლებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია იმის შესახებ, რომ კვლავაც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. აშშ-მა და ევროპის კავშირმა განაცხადეს, რომ დარწმუნებული არიან კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმების წარმატებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინისა და საუდის არაბეთის მთავრობებმაც არ უპასუხეს მსგავს თხოვნებს, წერს Bloomberg-ი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასული წლის სექტემბერში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თავისი ინტერესების გათვალისწინებით, გვახსენებს "რუსეთის ბიზნესტელეარხი".
მოსკოვმა უარყო კიევის წინადადება დიალოგის "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე წარმართვის შესახებ - იგი ითვალისწინებს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.
ასევე ნახეთ კულება: „გეგმა ბ“ არ არსებობს