"სამი ძმა": შეწყდა 2 დასახელების ბუშტის რეალიზაცია, დადასტურდა მათი მავნებლობა

კომპანია "სამი ძმა" ავრცელებს იმ ბუშტების შეფუთვის ფოტოებს, რომელთა მავნებლობა ლაბორატორიულად დადასტურდა.

სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "სამი ძმა" აცხადებს, რომ მათი პროდუქციიდან შეწყდა ორი დასახელების ბუშტების იმპორტირება და რეალიზაცია. მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევებით პროდუქციის მავნებლობა დადასტურდა.

"გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა... პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ), ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ)", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

კომპანია პროდუქციის ფოტოებსაც ავრცელებს და მომხმარებელს მოუწოდებს, თუკი მათ შეიძინეს აღნიშნული ბუშტები (საუბარია ბუშტზე სერია/მარკით AUF-20 და ბუშტ XIONG FENG-ზე), დააბრუნონ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში, 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნების ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს.

პროდუქცია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ შეამოწმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინსპექტირების ფარგლებში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმების მიზნით, 10 სხვადასხვა დასახელების ბუშტის ნიმუში აიღეს, რაც შესამოწმებლად გაიგზავნა თურქეთში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

როგორც სააგენტო წერს, შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ 3 დასახელების ბუშტებმა ვერ დააკმაყოფილეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები, კერძოდ, ელასტომერში ნიტროზამინების მიგრაცია აღემატება სტანდარტით (EN71-12) განსაზღვრულ ზღვარს.

უწყების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: NDELA, NDMA და სხვა ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენურ, მუტაგენურ და რეპროდუქციისათვის საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს (CMR), რომლებიც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე. სათამაშოდან ნივთიერება ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს კანთან ან პირთან კონტაქტის შედეგად.