ისრაელი 99-ე დღეა უტევს ღაზას, დაღუპულია 23 700-ზე მეტი ადამიანი

ისრაელი 99-ე დღეა უტევს ღაზის სექტორს, 2024 წლის 13 იანვარი

13 იანვარს ისრაელმა კვლავ მიიტანა დარტყმები ღაზაზე, იმ ფონზე, როცა პალესტინელთა ტერიტორიაზე ომის 99-ე დღეს შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, გათიშულია ტელეკომუნიკაციები.

იზრდება შეშფოთება რეგიონში კონფლიქტის გაფართოებაზე, მას მერე, რაც აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები მიიტანეს იემენში ჰუთ მეამბოხეებზე, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს. ჰუთები უტევენ კომერციულ მიმოსვლას წითელ ზღვაზე.

ასევე ნახეთ აშშ-მა დარტყმა განახორციელა ჰუთების კიდევ ერთ ობიექტზე იემენში

ღაზიდან თვითმხილველები იუწყებიან დილით ადრე ისრაელის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვაზე, სააგენტო AFP-ის ჟურნალისტი პარასკევს აცხადებდა, რომ დარტყმები განხორციელდა ღაზის სამხრეთის ქალაქების, ხან იუნისისა და რაფას შუაში მდებარე არეალებში, სადაც ბევრი ხალხია, რომლებიც ღაზის ჩრდილოეთიდან გამოიქცნენ.

ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა სულ მცირე 23 708 ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ასევე ნახეთ გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების მაღალჩინოსანი გამოდის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

ომი დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს უპრეცედენტო შეტევა განახორციელა ისრაელზე, რასაც, AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავებული მონაცემით, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი ჰამასმა მძევლად აიყვანა.

ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე მომუშავე გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს, OCHA-ს ხელმძღვანელმა AFP-ს პარასკევს უთხრა, რომ ისრაელი სისტემატურად ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ჩრდილოეთ ღაზაში.

ასევე ნახეთ რა ხდება ისრაელის მიერ პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმესთან დაკავშირებით?