ევროკავშირის სასამართლო: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ შეუძლიათ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ თავშესაფარი მოითხოვონ. 2024 წლის 16 იანვარი

ქალები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს ან მსგავს დაცვას - ეს ინფორმაცია 16 იანვარს დაადასტურა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ.

სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო დაცვის გარანტიას ქალებისთვის, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში შეეხოთ "ფიზიკური ან მენტალური" ძალადობა და მათთვის, ვინც "მოკვლის რეალური საფრთხის" წინაშეა.

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბულგარეთის სასამართლოსგან მიღებული კითხვა ქურთული წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე. მუსლიმმა ქალმა ბულგარეთს მიმართა დაცვის თხოვნით და აცხადებდა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ქალები ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამშობლოში, მათი სქესის გამო, ისინი "ფიზიკური და მენტალური ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის და ოჯახში ძალადობის" საფრთხის წინაშე არიან.

ლტოლვილის სტატუსს თუ ვერ მიიღებენ, ქალები შეძლებენ ისარგებლონ "დამატებითი დაცვით", რომლის ფარგლებშიც თავშესაფრის მაძიებლებს ეძლევათ იმ ქვეყანაში დარჩენის უფლება, სადაც თავშესაფარი მოითხოვეს - თუმცა არ აქვთ ევროკავშირის ფარგლებში სხვაგან გამგზავრების უფლება.

"დამატებითი დაცვის" სტატუსს პირები მიიღებენ იმ შემთხვევაში, "თუკი არსებობს მოკვლის ან ოჯახისა თუ თემის წევრის მხრიდან ძალადობის აქტების ჩადენის საფრთხე, კულტურული, რელიგიური ან ტრადიციული ნორმების დარღვევად მიჩნეული [ქმედების] გამო".

ასევე ნახეთ დღესასწაულებზე მოკლული ქალები - ოჯახში ძალადობა ფოიერვერკებს მიღმა