ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით ალექსანდრ სტუბი ლიდერობს

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "კოალიციური პარტიის" კანდიდატი ალექსანდრ სტუბი.

თუმცა პოლიტიკოსს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ არ მიუღია.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი მაჩვენებლები დამუშავებული ხმების 80%-ს ეფუძნება.

"იმაზე მეტი ხმაა, ვიდრე ველოდი. ასეთი მადლიერების გრძნობა აქამდე არასდროს მიგრძნია. მზად ვარ, მეორე ტურში ნებისმიერთან გავიდე", - აღნიშნა სტუბმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სტუბი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით 27.4%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეკა ჰაავისტო, 25.2%-ით. 18.5%-ით მესამე ადგილზეა პრეზიდენტობის კანდიდატი „ნამდვილი ფინელების“ პარტიიდან იუსი ჰალა-ახო.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები 23:00 საათის შემდეგ გამოცხადდება. ის ოფიციალურად გამოქვეყნდება 30 იანვრამდე.

თუ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს იმ ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაიმართება, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.