უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი ლაპარაკობს "უაღრესად კომპლექსურ" ფრონტის ხაზზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ. კიევი, 2024 წლის 10 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი, ოლექსანდრ სირსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უაღრესად გართულებულია, იმ ფონზე, როცა რუსეთი დამატებით ძალებს და შეიარაღებას ახმარს თავისი მიზნის მიღწევას - აღმოსავლეთში მდებარე უკრაინის ძალების ბასტიონების, ავდეევკის და კუპიანსკის დაკავებას.

უკრაინა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლეთის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაზე, განიცდის ტყვია-წამლის და სამხედრო აღჭურვილობის ნაკლებობას ფრონტის ხაზზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებში - რუსეთის მხრიდან ყოველდღიური თავდასხმების პირობებში.

"საოპერაციო გარემო ძალიან კომპლექსური და ინტენსიურია. რუსი ოკუპანტები კვლავ აძლიერებენ ძალისხმევას და დიდი უპირატესობით სარგებლობენ სამხედროთა რაოდენობის მხრივ" - წერს ოლექსანდრ სირსკი ფეისბუკით, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზი მოინახულა თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან ერთად.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა მეორე წლისთავს უახლოვდება. უკრაინის ძალები ცდილობენ გამოიზოგონ სამხედრო რესურსები, იმ ფონზე, როცა აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებას ვაშინგტონში რესპუბლიკელი კანონმდებლები უქმნიან წინაღობას.

ასევე ნახეთ ვინ რას ელის უკრაინაში ახალი სარდლებისგან?