რუსეთმა „ტერორისტად და ექსტრემისტად“ გამოაცხადა ჟურნალისტი ევგენი კისელიოვიც

ფოტო არქივიდან. ევგენი კისელიოვი კიევში ინტერვიუს აძლევს სააგენტო Reuters-ს. 2018 წლის ივნისი

რუსეთმა „ტერორისტების და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა ცნობილი ტელეწამყვანი ევგენი კისელიოვიც. ამ ნუსხას რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური ადგენს იმის მიხედვით, ვის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ექსტრემიზმის და ტერორიზმის მუხლით.

რუსეთის ხელისუფლებას დღემდე საჯაროდ არ უთქვამს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ჟურნალისტის წინააღმდეგ ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, რუსეთის შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის დაუსახელებლად ევგენი კისელიოვი ძებნილად გამოაცხადა. მანამდე, 2022 წლის აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ კისელიოვი შეიყვანა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში.

90-იან წლებში ევეგენი კისელიოვი იმ პერიოდის რუსეთის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის, НТВ-ს წამყვანი და სახე იყო. 2008 წლიდან ჟურნალისტი უკრაინაში საქმიანობს. 2022 წლის თებერვალში ევგენი კისელიოვი შეუერთდა უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა კომიტეტს, რომლის წევრები არიან სხვა „უცხოეთის აგენტებიც“, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკი, გარი კასპაროვი, ვლადიმირ კარა-მურზა და ვიქტორ შენდეროვიჩი.

ასევე ნახეთ რუსეთმა ტერორისტების სიაში შეიყვანა ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი

რუსეთის ხელისუფლებას „ტერორისტად და ექსტრემისტად“ და „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ჰყავს სამოქალაქო და პოლიტიკური წრეების და მედიის არაერთი წარმომადგენელი, რომლებიც უკრაინაში ომის და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან.