სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა დაიწყეს დიდი მასშტაბის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა

საილუსტრაციო ფოტო: სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ჯარების ერთობლივი ყოველწლიური წვრთნა სამხრეთ კორეის საწვრთნელ პოლიგონზე. 30 აგვისტო, 2023.

სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 4 მარტს დაიწყეს დიდი მასშტაბის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა. სამხედრო სწავლების მიზანია, გააძლიეროს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გაზარდა რაკეტების გამოცდის ინტენსივობა და გააძლიერა აგრესიული რიტორიკა.

ასევე ნახეთ

„ბუნკერების ბუმი“ - აპოკალიფსისა და მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში

სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ჯარებმა დაიწყეს კომპიუტერულ სიმულაციაზე დამყარებული სამეთაურო წვრთნა სახელწოდებით „მშვიდობის ფარი“, ასევე საველე წვრთნების წყება. მთლიანობაში სამხედრო სწავლება 11 დღეს გასტანს.

ჩრდილოეთ კორეას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ყოველწლიური სამხედრო წვრთნის დაწყებაზე, რასაც ის ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს.

წარსულში მოწინააღმდეგეთა ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ჩრდილოეთი კორეა იარაღის პროვოკაციულ გამოცდას აწყობდა ხოლმე.