ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

რუსეთის იერიშის შედეგად დანგრეული სახლები ოდესაში, სადაც შაბათს გლოვა გამოცხადდა

რუსეთის მხრიდან ოდესაზე პარასკევს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ექიმი და უკრაინის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც დაბომბვის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად შაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა.

საერთო ჯამში, რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში იმყოფება 39 ადამიანი, მათგან რვა მძიმე მდგომარეობაშია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე 15 მარტს, გამთენიისას, დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლი იყო ვინიცის ოლქში.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში დაზიანდა 10 სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და სახანძრო-სამაშველო ავტომობილები.

შაბათი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე ნახეთ

ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა იყო