ფუმიო კიშიდა: უკრაინის მიმართ იაპონიის მხარდაჭერა ურყევია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა "დიდი შვიდეულის" სამიტზე. ჰიროსიმა, 21 მაისი, 2023.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა 3 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას, იტყობინება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე ნახეთ

ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის „სანდო, პროგნოზირებადი“ მხარდაჭერისთვის

როგორც ზელენსკიმ დაწერა სოცქსელ X-ში, მან კიშიდას გააცნო ვითარება ბრძოლის ველზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება და რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის შექმნა.

„პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ სურს, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს გულწრფელი პატივისცემა გამოუხატოს სიმამაცისთვის და რომ იაპონია ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.