ხელისუფლების კონტრაქცია ხალხის პროტესტის პასუხად - ყველა კონტრაქცია უახლესი წარსულიდან

29 აპრილს დაგეგმილი პროსახელისუფლებო აქციისთვის ტერიტორია პარლამენტის წინ რკინის ღობით შემოიღობა 27 აპრილს - 28 აპრილს ამ ადგილას ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნება“ თბილისში მასშტაბურ კონტრაქციას აწყობს. 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

ხელისუფლების ორგანიზებული აქციები საქართველოს უახლოეს ისტორიაში მართვის კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომია. თავად „ქართული ოცნებაც“ მასშტაბურ შეკრებებს მაშინ მართავს, როდესაც პოლიტიკური სიმყარის დემონსტრაციის საჭიროებას გრძნობს - ამ შეკრებებზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მხოლოდ ამძაფრებს განცდას, რომ ხელისუფლება ასეთი გზით ცდილობს ანახვოს ამომრჩევლებს, რომ მას კვლავ მაღალი ნდობა აქვს.

„მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, - ხალხო, აქცია ჩაატარეთ და ვაჩვენოთ, ჩვენ რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამ კვირების განმავლობაში ამას გვეხვეწებიან“, - თქვა 22 აპრილს პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ დაგეგმილ კონტრაქციაზე საუბრისას.

პარალელურად ვრცელდება „სქრინები“ დახურული ჯგუფებიდან თუ პირადი მიმოწერიდან, სადაც ჩანს, როგორ ავალებენ ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სამსახურის თანამშრომლებს და მათ მხარდამჭერებს აქციაზე წასვლას. ამ მიმოწერების ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა საჯარო მოხელეები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ აქციისთვის ორგანიზებულად ემზადებიან.

23 აპრილს უკვე მამუკა მდინარაძემაც მკაფიოდ თქვა, რომ აქციაზე ხალხის მობილიზება პარტიული დავალებაა.

„მათ შორის, პირადად ჩემი დავალებაა, პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში, აქციაზე და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს მხარს სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას“, - უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს და იქვე დაამატა, რომ საჯარო მოხელეებს შეუძლიათ ამ დღეს სამსახურებში ერთდღიანი შვებულება აიღონ და ისე მიიღონ აქციაში მონაწილეობა.

ბოლო მასშტაბური აქცია, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში 2021 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის მონაწილე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის პორტრეტით თავისუფლების მოედანზე.

აქციამდე ორი კვირით ადრე, 14 ოქტომბერს გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხალხმრავალი შეკრება, დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არაერთი მოქალაქე იყო მისული 2003 წლის რევოლუციის სიმბოლოთი - ვარდებით

„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება“, - მიმართა ყოფილ პრეზიდენტსა და შეკრებილებს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ აქციის სცენიდან.

2021 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ 27 ოქტომბრის აქცია არ არის „კონტრაქცია“ და რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოსაყვანად მათ მხოლოდ მძღოლი სჭირდებათ იმდენი, რამდენი მონაწილეც ენმ-ის აქციას დაესწრო.

27 ოქტომბრის აქციის სლოგანი იყო - "გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე"

იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება არ იკვეთებოდა, როგორც არ ჩანდა აქციის ორგანიზატორი, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და დამოკიდებულება იკითხებოდა პოლიციის რეაქციაში.

ასე მოხდა 2013 წლის 17 მაისის შემთხვევაში, როცა ლგბტქ+ უფლებების დასაცავად გამოსული მცირერიცხოვანი ჯგუფის დასარბევად შეკრებილი ათასობით ადამიანი პოლიციამ არ შეაკავა, უმცირესობის მხარდამჭერები ყვითელი ავტობუსებით გაარიდეს ტერიტორიას და არც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დასჯილან.

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის მოედანზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ-ს ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კონტრაქციის სახე ჰქონდა რადიკალი, პრორუსული ძალების გამოსვლასაც 5 ივლისს, რომელიც თბილისი პრაიდის გაუქმებული მსვლელობის წინააღმდეგ მოეწყო. ამ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. 5 ივლისს სახელმწიფოს ნება, თავისუფლება ჰქონოდათ მოძალადეებს ქუჩაში, ისეთივე მკაფიო იყო, როგორც სამართალდამცველების სიმწირე რუსთაველის გამზირზე, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღეს ქუჩაში ანგარიშსწორების დაწყებამდე თქვა, რომ უმრავლესობა ამ ქვეყანაში უმცირესობების მსვლელობებს არ მიესალმება.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ აღმართული ჯვარი ამ დრომდე დგას საკანონმდებლო ორგანოს წინ - რკინის კონსტრუქციის აქ განთავსებაზე არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყების ნებართვა

სახელმწიფოს ნება ჩანდა 2023 წლის 8 ივლისსაც, როცა თბილისში, ლისის ტბის სიახლოვეს „პრაიდი ფესტის“ დაწყებამდე დაარბიეს და გაძარცვეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა საფესტივალო ტერიტორია - პოლიციას არც მათი მსვლელობისთვის და არც ტერიტორიის დარბევისთვის ხელი არ შეუშლია.

8 ივლისს აქციის მონაწილეებმა საფესტივალო ტერიტორიასთან პოლიციელების კორდონი გაარღვიეს, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კერძო ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს, განზრახ დააზიანეს სხვისი ქონება და დაიტაცეს ნივთები

კონტრაქცია გაიმართა 2018 წლის 3 ივნისს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამის “მხარდასაჭერადაც” ვაკის პარკში. აქციაზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჩამოშორებოდა და „პოლიტიკის გარეშე“ გაეგრძელებინა ბრძოლა.

ვაკის პარკში აქციას წინ უსწრებდა ხალხმრავალი გამოსვლები რუსთაველის გამზირზე, სადაც ზაზა სარალიძესთან ერთად არაერთი ადამიანი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც, ითხოვნენ მკვლელობის სამართლიან გამოძიებას. ვაკის პარკში გამართულ აქციაზე შეურაცხყოფის სამიზნე გახდა მაშინდელი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია. აქციის მონაწილეები თვლიდნენ, რომ მან უსაფუძვლოდ გაარიდა სარალიძე ტერიტორიას და იქ მათთან ერთად უნდა დარჩენილიყო.

2018 წლის 10 სექტემბერს, ზაზა სარალიძემ და მისმა თანამებრძოლმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ ეფექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზაზა სარალიძე რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

კონტრაქციის მონაწილეებთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად დაიშალა 2018 წლის მაისში თბილისში ღამის კლუბების დარბევის შემდეგ აგორებული პროტესტი. ამ დროს სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ არ შეეძლო მათი დაცვა რუსთაველზე გამოსული კონტრაქციის მონაწილეებისგან. ულტრანაციონალისტების დაჯგუფების ლიდერი იმ დროს ჰომოფობიური და პრორუსული განწყობების მქონე გიორგი გაბედავა იყო - „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ პროტესტის დაშლის შემდეგ 13 მაისს კონტრაქციის მონაწილეებმა „გამარჯვება“ იზეიმეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელი რეფორმის დაუყოვნებლივად გატარებას. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო, 2019 წლის შემოდგომაზე დატოვა.

ხელისუფლების მხარდაჭერის და ოპოზიციის მარგინალიზაციის მიზანს ისახავდა სხვადასხვა დროს მომღერალ „უცნობის“, გია გაჩეჩილაძის აქციები თბილისში. ამ აქციებზე თქმული ხშირად ხელისუფლების რიტორიკას იმეორებდა ან ეთანხმებოდა.

"უცნობის" ორგანიზებით ბოლო აქცია 2023 წლის 30 აპრილს გაიმართა, რესპუბლიკის მოედანზე

წინასაარჩევნო პერიოდის გარდა, ხელისუფლება მასშტაბურ აქციებს ისეთ დროსაც გეგმავს, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს უჩნდება ეჭვი ხელისუფლების დასავლური კურსის ერთგულებაში.

2019 წლის 20 ივლისის შემდეგ, როცა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, მასობრივი პროტესტის ტალღა აგორდა, საზოგადოებამ საჯაროდ დაიწყო საუბარი ხელისუფლების პრორუსულობის შესახებ.

იმავე წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ხალხმრავალი აქციით აღნიშნა საქართველოს თავმჯდომარეობა ევროსაბჭოში. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 20 ივნისის ღამეს მოქალაქეებზე ძალადობის გამოძიებას და 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას ითხოვდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ამ დროს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით როტაციის პრინციპით, ანბანის მიხედვით უწევდა და ეს საქართველოს ხელისუფლების მიღწევებთან დაკავშირებული არ ყოფილა, სახელისუფლებო აქციის მონაწილე ათასობით ადამიანს მთავრობის წარმომადგენლები უმტკიცებდნენ, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ხელისუფლების ევროპული მისწრაფებების შედეგი იყო.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია 2019 წლის 14 დეკემბერს

„მრავალი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც“ „ქართულმა ოცნებამ“ „არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შეძლო“, - უთხრა ამ დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილმა.

2019 წლის 14 დეკემბრის აქცია განსაკუთრებით საყურადღებო იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის გამო, რომელიც ამ დროისთვის პოლიტიკაში ერთი წლის დაბრუნებული იყო და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2012, 2018 და 2023 წლები - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა, ორჯერ წავიდა და ორჯერ დაბრუნდა - ორივეჯერ არა სახელმწიფო, არამედ პარტიულ თანამდებობაზე. დღეს ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო 2018 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრამდეც. 2021 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ივანიშვილი წერდა, რომ პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდიოდა და მისი ოცნება მომავალში „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იყო.

ბოლოს ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ თანაგუნდელებთან ერთად მასშტაბურ თავშეყრაზე 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოჩნდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. ამ დღეს გლდანში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე შეკრებილებს ჯერ ბიძინა ივანიშვილის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა იგი სცენაზე. ამ დროს წინასწარი გამოკითხვის შედეგები აჩვენებდა, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია უსწრებდა სახელისუფლებო კანდიდატ ლევან კობიაშვილს.

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებაზე მხარდამჭერებს მიმართავს

მრავალრიცხოვანი აქციებით უმრავლესობის მხარდაჭერის დემონსტრირებას, მმართველობის მიწურულს, სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლებებიც ცდილობდნენ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში 11 აქცია ჩაატარა. ბოლოს კი, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე შეკრიბა მომხრეები. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა წარსულში დაბრუნებას ნიშნავდა.

28 სექტემბერს მიხეილ საკაშვილი მიმართავს ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებს

ამ დროს „ქართულ ოცნებას“ უკვე ჩატარებული ჰქონდა აქცია თავისუფლების მოედანზე, რომელშიც ათიათასობით მოქალაქემ მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ პოლიტიკურ ძალას.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქცია ზუგდიდში, 2012 წლის 4 ოქტომბერი

კონტრაქციებით ცდილობდა უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტის გაფერმკრთალებას ედუარდ შევარდნაძეც ვარდების რევოლუციის წინა დღეებში - 2003 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტთან შევარდნაძის მოწინააღმდეგეების პარალელურად გამოჩნდნენ აჭარის ერთპიროვნული მმართველის, ასლან აბაშიძის მიერ მობილიზებული მოქალაქეები, რომლებიც 17 ნოემბერს ბათუმის სტადიონთან შეკრიბეს და 40-მდე მიკროავტობუსით დედაქალაქში ჩაიყვანეს. კიდევ ერთი ნაკადი აჭარიდან დედაქალაქისკენ 18 ნოემბრის საღამოს დაიძრა.

ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები, ანტისახელისუფლებო მასობრივი პროტესტის პარალელურად, 22 ნოემბრამდე იმართებოდა.

2003 წლის ნოემბერში პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია ოპოზიციის იმ მხარდამჭერებისთვის, ვინც პარლამენტში ცდილობდა შესვლას

მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად შეიჭრა და ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა სხდომა დაეტოვებინა, კონტრაქციის მონაწილეებიც დაიშალნენ და მათი ადგილი ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს.

ოპოზიციის მხარდამჭერები ზეიმობენ შევარდნაძის გადადგომას

ყოველ ჯერზე, როცა „ქართული ოცნება“ მასობრივ კონტრაქციას აწყობს, საზოგადოებას სწორედ 2003 და 2012 წლების კონტრაქციები ახსენდება და იწყება მსჯელობა იმაზე, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლების დასასრულის დასაწყისს - „ქართული ოცნება“, რომელიც მესამე ვადით არის ხელისუფლებაში, ირწმუნება, რომ კვლავ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას მეოთხე ვადით 2024 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებში.