„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს...ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე" - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ დროს გაავრცელა, როცა პარლამენტის ერთ-ერთ გამოსასვლელთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა.

ის ამბობს, რომ ბრძოლა გრძელვადიანია, გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებას ისახავს მიზნად, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და რომლებიც ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს.

„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულები არიან და ენერგიას გვიზიარებენ, რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მიერ და გვაშორებს ერთი მეორე მიყოლებით ევროპული გზიდან. ასე რომ, კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვება და ძალადობა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ, იმიტომ რომ ძალადობა გვექნება უთუოდ საქმე მომავალში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ „საქართველო არ იქნება რუსეთი და არასდროს არ იქნება რუსეთი".

„თქვენს გვერდით ვარ, არაჩვეულებრივია ყველა ეს გამოსვლა დღევანდელი, აჩვენებს რეალობას, საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი", - ამბობს პრეზიდენტი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ვიდეოში მართლმადიდებელი მრევლისთვის აღდგომის კვირის საკრალურ მნიშვნელობაზეც საუბრობს: „დღეს არის ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად, სადაც ვაჩვენებთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდობას".

თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, "წიწაკის სპრეისა" და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან ადამიანები რეზინის ტყვიისგან მიღებული ჭრილობებით, მათ ნაწილს სხვა დემონსტრანტები უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, ნაწილს - სასწრაფო დახმარების ექიმები.

რუსთაველზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ ყველა სპეციალური საპოლიციო საშუალება.

ასევე ნახეთ

პოლიციამ პარლამენტთან „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ დახშულია კომუნიკაციებიც - ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.

ასევე ნახეთ

თვითმხილველები: პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს იყენებს

თბილისში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი, მრავალრიცხოვანი პროტესტის მორიგი აქცია მიმდინარეობს.

დღეს, საღამოს 8 საათისთვის, პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო „აგენტების კანონი“. დარჩა მესამე, ფინალური მოსმენა - თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.

პლენარული სესიის პარალელურად, საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. თავდაპირველად პოლიცია პარლამენტის ზედა და ქვედა შესასვლელებთან გამაგრდა.

ცხრის ნახევრისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.

პოლიციელები ახლა მხოლოდ პარლამენტის შიდა ეზოს ტერიტორიაზე არიან გამაგრებული. ამას გარდა, მათი ნაწილი მობილიზებულია პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედანზე.