ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს სხვა მდინარეებში, წყლის დონემ კლება დაიწყო. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ. უწყების თანახმად, ნალექის შემცირების გამო საშიშროებამ იკლო.
„წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო და საშიშროებაც ნაკლებია. ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება, გვაქვს სადგურები და ვითარებას აკვირდებიან“, - განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია. მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ვერეს ხეობაში წყლის დონე 240 სმ-ს აღწევს, 260 სმ საშიშ დონედაა შეფასებული.
მანამდე ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვერეს ხეობაში ადიდებულ მდინარეში მყოფი ავტომობილის ფოტო და ვიდეოკადრები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ავტომობილში მყოფი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვნის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი. ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში ადიდებულია რამდენიმე მდინარე.