"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სთხოვს, დაინტერესდეს იმ კომენტარით, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა გააკეთა მედიასთან და გამოძიება დაიწყოს. ზვიად ხარაზიშვილმა დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვის და პარლამენტის შენობასთან ამ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის პარალელურად, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვს სია იმ "არაკაცების", ვისაც სცემს.
"საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. ამას, ცხადია, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს", - ასე აფასებს საია ზვიად ხარაზიშვილის განცხადებას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა "კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს."
ზვიად ხარაზიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა დეპუტატი თამარ კორძაიაც. მან კოლეგებს მოუწოდა, მიმართონ მთავრობას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
„"მე ვცემ არაკაცებს' - ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ, გარეთ, მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია და იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა ზუსტად ვიცი, არ შეუჩერებთ იმიტომ, რომ ზუსტად მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ამ შენობიდან“, - თქვა კორძაიამ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმის გასაგებად, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება ზვიად ხარაზიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. უწყების პრესსამსახურიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ასევე ნახეთ
როგორ იმალება, ვინ არიან მოძალადე ნიღბიანები რობოკოპების მხარესზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად "ხარება", შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნევა. მისი სახელი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს და მათ შორის 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ აქციის სისხლიან დარბევას. მაშინ ხარაზიშვილი სპეცდანიშნულების დანაყოფ „შავნაბადას“ ხელმძღვანელობდა.
2023 წლის მარტში, როცა ხალხი „აგენტების კანონს“ აპროტესტებდა, სწორედ ზვიად ხარაზიშვილის გამოჩენას მოჰყვა აქციის დაშლა სპეციალური საშუალებებით. ამ დროს ის უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ზვიად ხარაზიშვილი აქტიურად ჩანს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 2024 წლის აპრილსა და მაისშიც. ის იმყოფებოდა 16 აპრილს გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს.
ასევე ნახეთ
ნაცემი და დაშავებული ადამიანები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან - 16 აპრილი„ხარებას“ სახელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება. როგორც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმში მუშაობდა. იგი მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
ზვიად ხარაზიშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ძალოვნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც დასავლეთი სანქციების დაწესებას განიხილავს.
ასევე ნახეთ
ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირება მოითხოვეს