რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი - პარლამენტის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“

17 ივნისს ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტს „ქართული ოცნებიდან“ ახალი დეპუტატი ჰყავს. ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლე ლევან მაჭავარიანი 17 აპრილიდანაა პარლამენტის წევრი.

დღე, როცა ლევან მაჭავარიანმა სადეპუტატო მანდატი მიიღო, პარლამენტში დაძაბული იყო - ამ დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილებოდა „აგენტების კანონი“, რომელმაც ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში.

ასევე ნახეთ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

პირველი კანონპროექტი, რომელსაც ლევან მაჭავარიანმა ხმა მისცა, სწორედ „აგენტების კანონია“ - მან დოკუმენტს მხარი დაუჭირა დეპუტატის უფლებამოსილების მინიჭებიდან 5 წუთში ისე, რომ არ ყოფილა ჩართული კანონპროექტის განხილვაში - არ დაუსვამს კითხვა კომიტეტისა და პლენარულ სხდომებზე.

Your browser doesn’t support HTML5

17 აპრილს ლევან მაჭავარიანის უფლებამოსილება ცნეს

დავუბრუნდეთ მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც 14 ივნისს შეავსო. ის მარტო ცხოვრობს.

ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ გასულ წელს ხელფასი არ აქვს მიღებული, თუმცა მას ეკუთვნის შპს „სეტანტა სპორტის“ 100-პროცენტიანი წილი.

დეპუტატს ეკუთვნის ბინა და ორი ავტოფარეხი თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება მისი ყიდვის მომენტში 150 ათასი დოლარი იყო. მასვე ეკუთვნის ორი ძვირადღირებული საათი: Rolex-ი და Hublot-ი, რომელთა ჯამური ღირებულება 22 ათასი დოლარია.

დეკლარაციის შევსების დროს, მის საბანკო ანგარიშებზე იყო 200 ათას ლარზე მეტი, ნაღდი ფულის სახით კი ჰქონდა 20 ათასი დოლარი.

დეპუტატი ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ გასულ, 2023 წელს, სესხად გაცემული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნეს.

ამონარიდი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციიდან