ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა, დატბორილია ქუჩები

წყალდიდობა ქუთაისში. 26 ივნისი, 2024 წელი

ქუთაისში 26 ივნისს მოსულმა ნალექმა მოქალაქეები დააზარალა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, შედეგად, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დატბორა.

ბუხაიძის, აბაშიძის და ავტომშენებლის ქუჩებზე მდინარის წყალი კერძო ობიექტებში, მაღაზიებში, კორპუსების სარდაფებსა და სახლების ეზოებში შევიდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მდინარის კალაპოტს ინტენსიური წმენდა სჭირდება, რაც ძლიერი წვიმის დროს მათ ზიანს შეამცირებდა.

ქუთაისში რამდენიმესაათიანმა წვიმამ დატბორა წერეთლის ქუჩაც, სადაც წყალი გზაზე დაგუბდა და ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა.