ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ზურაბ ლობჟანიძე (მარცხნივ) უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ ბალთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ლობჟანიძე ადგილობრივი მცხოვრები არ არის და იქ სტუმრად იყო ჩასული. ოკუპირებული ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება და თიღვის თემში შედის.

სუსის თანახმად, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზურაბ ლობჟანიძის უკანონოდ დაკავების შესახებ ცნობა 2 ივლისს გავრცელდა.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება, რომელთა გათავისუფლების საკითხის განხილვა გაგრძელდება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.