დაცულ ტერიტორიებს შორის წელს ყველაზე მეტად ნავენახევის მღვიმის მონახულება გაიზარდა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში ყველაზე მონახულებადი ობიექტები. სააგენტოს ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ინტერესი ნავენახევის მღვიმის მიმართ. ეს ადგილი შარშანდელთან შედარებით 33%-ით მეტმა ადამიანმა ნახა.

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

"საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმდინარე წელს, კანიონები და მღვიმეები ვიზიტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც გამოწვეულია ადგილზე არსებული მოწესრიგებული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, პირველ ხუთეულში მოექცა ინდოეთიც.