ევროპული პარლამენტი რეზოლუციას მიიღებს "ყალბ არჩევნებზე" ბელარუსში

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

21 იანვარს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ეხება ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებს და უკანონო არჩევნებს.

რადიო თავისუფლება გაეცნო რეზოლუციის პროექტს, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი 26 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. რეპრესიული გარემოსა და დემოკრატიული სტანდარტების ნაკლებობის გამო, ეს არჩევნები შეფასებულია, როგორც "ყალბი".

მოელიან, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა პრეზიდენტი.

მიმდინარე საარჩევნო კამპანია გამოირჩევა ამომრჩევლებზე ზეწოლით, ახშობენ დამოუკიდებელ მედიას, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ დემოკრატ კანდიდატებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 17 იანვარს თქვა, რომ ბელარუსის "რეპრესიული გარემო" ხელს უშლის თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ლუკაშენკას პრეზიდენტობა არ არის აღიარებული და გამოდის თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრის ჩატარების მოწოდებით.

რეზოლუცია გმობს ბელარუსში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებსა და ქვეყნის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. რეზოლუცია მხარდაჭერას უცხადებს ბელარუს ხალხს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის ციხეებში იმყოფება 1250-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომელთაგან ბევრი წამების, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობისა და სამედიცინო მომსახურებაზე უარის მსხვერპლია.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ადვოკატები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები ბელარუსში კვლავ რეპრესიების მსხვერპლნი არიან.

ბელარუსის სახელმწიფო მაუწყებელმა, ONT-მა, გასულ კვირაში გაავრცელა პროპაგანდისტული ფილმების ციკლი სათაურით "სვაბოდა სლოვა" ("სიტყვის თავისუფლება"), რომელიც მოიცავდა ინტერვიუებს რადიო თავისუფლების პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებთან.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდებს, ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიძიონ უნივერსალური კანონმდებლობით - სამართლებრივი პრინციპით, რომელიც სახელმწიფოებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, უხელმძღვანელონ სისხლისსამართლებრივ წარმოებას ბრალდებულის მიმართ, იმის მიუხედავად, თუ სად იყო ჩადენილი დანაშაული; მხარი დაუჭირონ ლიეტუვის ინიციატივას ბელარუსის წარდგენაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის; და აღრიცხონ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააყენონ ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე.

რეზოლუციის პროექტი აქებს ბელარუსის დემოკრატიული ძალების და სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობას. ის გამოდის მათთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით - მათ შორის ვიზების, სტიპენდიებისა და უცხოეთში მცხოვრები ბელარუსებისთვის გრანტების გამოყოფის ფორმით; დევნისგან გაქცეულთათვის სავიზო პროცესის გამარტივებით და სარეაბილიტაციო პროგრამებით პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის.

რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს, რომლებსაც სათავეში უდგას უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერი სვიატლანა ციხანოუსკაია. დოკუმენტი დემოკრატიულ ძალებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ ბელარუსში მორიგი პროპაგანდისტული ინტერვიუ უჩვენეს რადიო თავისუფლების კიდევ ერთ, კოლონიაში მყოფ ჟურნალისტთან