აშშ-ის საელჩო: ბატონი მდინარაძის განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას

საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის დროშა, საქართველოს დროშა

აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა "ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობაზე და მას "სრულიად მცდარი" უწოდა.

"ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ახალარჩეული ხელისუფლების განცხადებები საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან განსხვავდება. მან იმედი გამოთქვა, რომ "ეს ძალიან მალე გასწორდება".

"ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რა ხდება ქუჩაში.

თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში", - აცხადებს მდინარაძე.

ასევე ნახეთ მდინარაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელმა "ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი"

ბიძინა ივანიშვილს სანქციები აშშ-მა გასული წლის 27 დეკემბერს დაუწესა, დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელშეშლისთვის.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად