14 რაკეტა და 161 დრონი - რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევა მიიტანა

რუსეთის ავიადარტყმით დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ ხერსონში. 2025 წლის 20 თებერვალი

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. არიან დაშავებულები, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და ენერგოობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 20 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 14 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა. სარდლობა აცხადებს, რომ ინფორმაცია რაკეტების საწინააღმდეგო „საბრძოლო მუშაობისა“ და შედეგების შესახებ არ გასაჯაროვდება.

საჰაერო ძალების ცნობითვე, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 161 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 80 ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში, 78 „უპილოტო-იმიტატორი“ კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ასევე ნახეთ Telegraph: სტარმერი ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას

ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პროკუდინის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამით, რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ხერსონში 10-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზოს 15 ბინა დაინგრა.

დაზიანებულია კიდევ 80-მდე სახლი. დაშავდა, სულ მცირე, 6 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ტყუპი და-ძმა. ავიადარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილითაც გაგრძელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ ოდესაში. დაზიანებულია კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, კვების ობიექტი, საწყობები და ენერგოობიექტები.