თბილისში მტკვრის ჯებირისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება 4,7 მილიონი ლარი ჯდება

თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, დაზიანებული მონაკვეთი

თბილისში, დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარის დაზიანებული ჯებირის შეკეთება და ინფრასტრუქტურის აღდგენა 4,7 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ტარდება.

„აღნიშნულ სამუშაოებზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობის ინტერესებს და უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით, აგრეთვე სამუშაოების დროულად ვერ განხორციელების შემთხვევაში იქმნება მუნიციპალური ქონების დაზიანების საფრთხე“, - აცნობა თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს.

წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1 აპრილიდან 7 აპრილამდე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირვება. 8 აპრილს დაბზარული ნაწილი ჩაინგრა, გუშინ, 9 აპრილს კი, ადგილზე ბულდოზერები გამოჩნდა და მიიტანეს სამშენებლო მასალებიც.