„პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა“ - „ოცნების“ დეპუტატი ლომჯარიაზე, ზურაბიშვილსა და გახარიაზე

ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო პარტია დამოუკიდებლად ვერ ნიშნავდა. ასე გამოეხმაურა ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოკითხვას.

„ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე. უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც ბატონი [გიორგი] გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო“, - თქვა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე ნახეთ რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

გუშინ, 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ამავე პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზზე და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ჩართვა დაასახელა.

ასევე ნახეთ "უჩინარი კაცი", "გავრილოვის ღამე" - რა თქვა და რა უთხრეს გახარიას წულუკიანის კომისიის სხდომაზე და სხდომის შემდეგ?