„ახალი თეატრის“ დასი დოიაშვილის გადაყენებაზე: არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას

დასის განცხადება კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

„ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ მსახიობები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ კულტურის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენეს მათი ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი. დასის განცხადება მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.
ასევე ნახეთ „სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს

„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, - წერია დასის განცხადებაში.

დღეს, 16 აპრილს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კულტურის სამინისტროს განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ნახეთ სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ახალი თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა - მედია

დავით დოიაშვილის მხარდასაჭერად თეატრთან მსახიობები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მან მოგვიანებით სიტყვით მიმართა მათ.

„ეს თეატრი იყო იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ერთ ადამიანს და გამოუცხადო სოლიდარობა... ამ ყველაფერს ველოდი: ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. ვიქნები თუ არა ამ თეატრის ხელმძღვანელი, მეორეხარისხოვანია... მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი; მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები“, - თქვა დავით დოიაშვილმა.

ასევე ნახეთ დავით დოიაშვილი: მთავარი არ არის, მე წავალ თუ მოვალ; მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ "შემომხედეთ... ვერ ვიგებ, თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით" - მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროკურორს
ასევე ნახეთ „როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალა“ - ანდრო ჭიჭინაძის საქმე

პროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის წინაშე.