პრეზიდენტი ტრამპი და კატარის ამირა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკურ გაცვლაზე” შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის დოჰაში, კატარის ამირას სახელით გამართულ ოფიციალურ სადილზე. 2025 წლის 14 მაისი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა გააფორმეს 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა გამოაცხადა 14 მაისს, კატარში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას.

ორ ქვეყანას შორის შედგა ბიზნეს-გარიგებებიც, რომელთა მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათ შორის ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამერიკული კომპანიებისგან, Boeing-ისა და GE Aerospace-ისგან შეიძენს თვითმფრინავებს და ძრავებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს საუდის არაბეთიდან ჩავიდა და კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

ასევე ნახეთ საუდის არაბეთი 142 მილიარდი დოლარის ამერიკულ იარაღს შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში თავისი ტურნეს ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვა, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ კატარში ტრამპის ვიზიტი შედგა იმ დროს, როცა კომპანია Trump Organization-ი რეგიონში ბიზნესს აფართოებს.

კომპანიამ, რომელთანაც პირადად აშშ-ის პრეზიდენტს ოფიციალურად კავშირი აღარ აქვს და მისი ვაჟები ხელმძღვანელობენ, მაისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გოლფის მოედნების და ვილების მშენებლობას გეგმავს.