პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ - ამბობს ომბუდსმენი

გლდანის პენიტენციური დაწესებულება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა და პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ. 

პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა, შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა.

„საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული“, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, სამინისტრომ სასამართლოს 11 ივნისს აცნობა, რომ ეს პრაქტიკა 10 ივნისიდან შეიცვალა.

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე დაკავებულების გაშიშვლების საკითხზე ისაუბრა პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც პოლიციამ 28 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მის მიმართ „შემზარავ მოპყრობას“ გამოხმაურებები მოჰყვა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან.

ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიას ცნობით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა დაზიანება მიაყენეს და სრულად გააშიშვლეს
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიას მიმართ "შემზარავ მოპყრობას" ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

მაშინ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაკავებულის შემოწმების დროს მისი სრულად გაშიშვლება „პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა“.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას შესახებ: დაკავებულის სრულად გაშიშვლება "დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა”