პოლიტიკოსს მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავებაც აუკრძალეს.
განაჩენის გამოცხადებას მედიასაშუალებები ვერ იღებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიიღო კანონი, რომლითაც მედიას პროცესების გადაღება შეეზღუდა. მსგავსი შეზღუდვა სასამართლოში დააწესეს 2007 წელსაც, როცა ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართულმა ოცნებამ“ კი მმართველობის პირველივე თვეებში, 2013 წელს, სხდომები მედიისთვის გახსნა.
ნიკა გვარამია 13 ივნისის შემდეგაა პატიმრობაში - ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. იმ დღეს გვარამია თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, დარეკა საპატრულო პოლიციაში და აცნობა სად იყო. ის კრიმინალურმა პოლიციამ ციხის წინ დააკავა.
იმის მიუხედავად, რომ ნიკა გვარამია უკვე პატიმრობაშია, „ქართული ოცნების“ შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც თეა წულუკიანია, იგი კიდევ ერთხელ დაიბარა. პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ თქვა უარი გამოკითხვაზე მისვლაზე და ამის გამო მისი საქმე პროკურატურაში გადაგზავნეს.
ასევე ნახეთ 6 კვირა, 7 დაჭერილი ოპოზიციონერი, თვითმმართველობის არჩევნები და ბიზნესის დუმილი„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება" გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. რვავე პატიმრობაშია. მათგან შვიდის წინააღმდეგ (ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე) უკვე გამოცხადდა განაჩენი, ერთს კი (ირაკლი ოქრუაშვილი) პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად აქვს შეფარდებული.