20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებზე დრონებით შეტევის შედეგად

ფოტო არქივიდან. რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი ხარკოვში. 2025 წლის 12 ივნისი

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 7 ივლისს, დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ხარკოვის შევჩენკოს და სლობოდსკის რაიონებში დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

დაზიანებულია სახლები. ხანძარი გაჩნდა მრავალბინიან კორპუსში.

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დილის ათი საათისთვის განაცხადა, რომ ხარკოვში დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დრონებით შეტევის შედეგად, შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩდა 9-სართულიანი სახლის მე-8 სართულზე, ხოლო სლობოდსკის რაიონში დარტყმა იყო საბავშვო ბაღის და სავაჭრო ობიექტის ტერიტორიებზე.

რუსეთის ჯარები ქალაქ ხარკოვს და ხარკოვის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით თითქმის ყოველდღე უტევენ.

ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქზე რუსული დრონებით შეტევას
ასევე ნახეთ ზედიზედ მეორე ღამეა რუსეთის ჯარები ხარკოვს დრონებით უტევენ

7 ივლისს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო კიევსა და ოდესაზეც. ადგილობრივი ხელისუფლება მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული რამდენიმე ხანძრის შესახებ იუწყებოდა.

განახლება: დილის ცხრა საათისთვის ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

დილით დრონებით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.