რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინას გადასცა კიდევ 1000 ჯარისკაცის ცხედრები

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მიერ უკრაინისთვის დაღუპული მებრძოლების ცხედრების გადაცემის პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“

დღეს, 17 ივლისს რუსეთმა „სტამბოლის შეთანხმებების გაგრძელებით“ უკრაინას გადასცა შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 ჯარისკაცის ცხედრები.

ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

მედინსკის ცნობით, რუსეთმა 19 მებრძოლის ცხედრები მიიღო.

ასევე ნახეთ უკრაინამ დაიბრუნა კიდევ 1245 დაღუპულის ცხედრები

უკრაინა და რუსეთი დაღუპულთა ცხედრების(6000/6000) და ტყვეების გაცვლაზე თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2025 წლის მაისსა და ივნისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.

ერთი თვის წინ, 16 ივნისს, როცა რუსეთმა უკრაინას საომარი მოქმედებებისას დაღუპული კიდევ 1245 ადამიანის ცხედრები გადასცა, სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ეს პროცესი დასრულებულია და უკრაინამ საერთო ჯამში, 6057 ცხედარი მიიღო.

პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.

განახლება: 17 ივლისს უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთმა გადასცა 1000 დაღუპულის ცხედრები. შტაბის თანახმად, რუსეთი აცხადებს, რომ ცხედრები უკრაინელი სამხედროებისაა, თუმცა ეს საბოლოოდ გაირკვევა იდენტიფიცირებისთვის დანიშნული ექსპერტიზის შედეგად. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" საკოორდინაციო შტაბში განუმარტეს, რომ 1000 ცხედრის დაბრუნება „გეგმური მუშაობის" შედეგია და არ არის სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ნაწილი.

ასევე ნახეთ უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს ტყვეები