ბანგლადეშში დიდი მსხვერპლი მოჰყვა არმიის თვითმფრინავის კატასტროფას

ბანგლადეშის არმიის სასწავლო თვითმფრინავი 21 ივლისს ჩამოვარდა დედაქალაქ დაკაში, სკოლის და კოლეჯის ტერიტორიაზე.

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 22 ივლისს იუწყება ბანგლადეშის ჯანდაცვის სამინისტრო.

არმიის სასწავლო თვითმფრინავი F-7 BGI ორშაბათს, 21 ივლისს ჩამოვარდა სკოლის და კოლეჯის, Milestone-ის ტერიტორიაზე, ორსართულიან შენობასთან.

თვითმფრინავის აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა შენობაც მოიცვა.

ბანგლადეშის არმიის სასწავლო თვითმფრინავი F-7 BGI ქვეყნის დედაქალაქ დაკაში, სკოლის და კოლეჯის, Milestone-ის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან შენობასთან ჩამოვარდა.

ბანგლადეშის არმიის ინფორმაციით, სასწავლო თვითმფრინავში ტექნიკური გაუმართაობა აფრენის შემდეგ დაფიქსირდა. მიმდინარეობს გამოძიება.

დაღუპულთა შორის არიან პილოტი, 25 მოსწავლე და ერთი პედაგოგი. დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა.

ტრაგედიის გამო 22 ივლისი ბანგლადეშში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.