ინფორმაციას ავრცელებს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ბონდიმ ტრამპს აცნობა, რომ მისი გვარი, „მრავალ სხვა ცნობილ პირთან“ ერთად, იუსტიციის უწყების დოკუმენტებში იყო ნახსენები ამ საქმესთან დაკავშირებით.
ეპსტინი არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში იყო ბრალდებული და 2019 წელს პატიმრობაში მოიკლა თავი.
Reuters-ის ცნობით, თეთრმა სახლმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ინფორმაცია „ყალბი“ იყო, მაგრამ მოგვიანებით ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ უარყოფს, რომ ტრამპის გვარი მართლაც ფიგურირებს ეპსტინის საქმეში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ადრე, კერძოდ, ეპსტინის თანაშემწის, გისლეინ მაქსველის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ქსელის შექმნის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
AFP-ი იმოწმებს აშშ-ის მედიას, რომ იუსტიციის უწყება აპირებს 24 ივლისს გამოჰკითხოს მაქსველი.
Reuters-ის ცნობაში ხაზგასმულია, რომ მას ჯერ არ შეუძლია WSJ-ის პუბლიკაციის შინაარსის სხვა წყაროებიდან დადასტურება.
ტრამპის გვარი არაერთ ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ფიგურირებს - კერძოდ, ეპსტინის 1990-იანი წლების თვითმფრინავის საგზაო ჩანაწერებში, ასევე მის მისამართების წიგნში. მაქსველის სასამართლო პროცესის დროს ეპსტინის მფრინავმა ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება, რომ ტრამპმა ამ თვითმფრინავით რამდენჯერმე იფრინა. თავად ტრამპი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მან ეპსტინთან კომუნიკაცია შეწყვიტა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე. ტრამპისთვის ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით ბრალდება არ წაუყენებიათ.
„ეპსტინის ფაილებთან“ დაკავშირებულმა სიტუაციამ განხეთქილება გამოიწვია ტრამპის მხარდამჭერებშიც კი.
გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა სარჩელი შეიტანა Wall Street Journal-ის მფლობელის, News Corp-ის, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის და WSJ-ის ორი რეპორტიორის წინააღმდეგ. მან მოითხოვა მრავალმილიარდიანი კომპენსაცია გამოცემისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ 2003 წელს ტრამპი, სავარაუდოდ, იყო ეპსტინის იმ „მეგობრებს” შორის, რომლებმაც 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომისთვის უხამსი მილოცვები დაუწერეს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ სტატია განზრახ ყალბია და მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას და ფინანსურ ინტერესებს. „WSJ“-ის გამომცემლის, „Dow Jones“-ის წარმომადგენელმა ტრამპის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებაში ამტკიცებს: „ჩვენ უკიდურესად ვენდობით ჩვენი ჟურნალისტიკის სიზუსტეს და ვაპირებთ, ენერგიულად დავიცვათ თავი ნებისმიერი ბრალდებისგან“. „Dow Jones“ „News Corp“-ის შვილობილი კომპანიაა.