გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ორი აქტივისტი 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

დაკავებები გამოსახლების პარალელურად. ფოტო გადაღებულის 2025 წლის 24 ივლისს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ განიხილა. მათ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ასევე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა-შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ მოსამართლე ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო გამოსახლების დროს დაკავებული მამა და ორი შვილი

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი ორი გამოსახლებული პირი 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.

ასევე ნახეთ მოსამართლე ცეკვავამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ორი უსახლკარო

აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება 24 ივლისს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.

თვალჭრელიძის #1-დან გამოსახლებული ოჯახებისა და ადამიანების ზუსტი რაოდენობა, უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ ოჯახების რაოდენობა 80-დან 100-მდეო. მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვიც უნდა იყოს.

ტერიტორიის კერძო მფლობელი შპს ბლექ სი ფროფერთია, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 28 ივნისსაა რეგისტრირებული. ამ დოკუმენტის თანახმად, კომპანიის დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე აბულფაზ მელიკოვია. კომპანიის პარტნიორი შპს. „ორიენტბილდ ისთეითია“, რომლის ასპროცენტიანი მფლობელიც ასევე აბულფაზ მელიკოვია.

ის, რომ შენობები ავარიულია, 24 ივლისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც თქვა.

უწყებამ ისიც დაამატა, რომ ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ყველა სოციალურად დაუცველი აღრიცხეს და მათი საჭიროებებიც განსაზღვრეს. უწყება განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა მხოლოდ 39 ოჯახი. მათგან დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს და სოციალურად დაუცველებს მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაც შესთავაზეს.

ადგილობრივების ის ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე თვალჭრელიძის ქუჩაზე რჩებიან ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს სიცრუეს უწოდებენ.

ასევე ნახეთ ქალები თვალჭრელიძის ქუჩიდან - „ისევ ამ სამლოცველოში დავრჩებით“