„[გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე] ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.
რამდენიმე დღის წინ, 18 აგვისტოს კი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ამავდროულად არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ამ ქვეყნის ელჩი საქართველოში ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია. მიზეზი გამოსამშვიდობებელ საღამოზე შერაზ გასრისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების საერთო ფოტო იყო.
„უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ“, - წერდა პაპუაშვილი ფეისბუკში.
შერაზ გასრი საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობს 2022 წლის მაისიდან. მისი ელჩობის პერიოდში საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა ამავდროულად მმართველი პარტიის გადადგმული ნაბიჯების გამო ქვეყანა სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა.