კალაძის საარჩევნო შტაბთან მორიგი აქცია ჩატარდა - შემდეგ დემონსტრაცია პარლამენტისკენ წავიდა

აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

დღეს საღამოს, 10 სექტემბერს, კვლავ ჩატარდა საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ეს რუსთაველზე უწყვეტი აქციების 287-ე დღეა.

დემონსტრანტების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან მივიდა შტაბთან, მეორე ნაწილი კი - ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან.

მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არა რუსულ რეჟიმს“, ასევე მღეროდნენ სიმღერას: „ოლე, ოლა“, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების/მხარდამჭერების გინებას შეიცავს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, 20:55 საათისთვის, დემონსტრაციის მონაწილეებმა შტაბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და მსვლელობა გააგრძელეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლისკენ. დღეს დაპირისპირება არ ყოფილა.

დღევანდელი აქციის დაწყების პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარის გამო სამი ადამიანი დააკავა.

სამიდან ორი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დაკავებული კი არის დემონსტრანტი, რომელსაც ბანერის დაზიანებას ედავებიან.

ასევე ნახეთ 2 ადამიანი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დემონსტრანტი - ბანერის დაზიანების გამო