რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან იუწყებიან უკრაინის სარაკეტო შეტევისა და მსხვერპლის შესახებ

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა 8 ოქტომბერს სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტო „სოციალური ობიექტის", რომელიც, მისი ინფორმაციით, ნაწილობრივ დაინგრა უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შედეგად

ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ დაბაზე უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფლება.

გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, შჩებეკინოს რაიონის დაბა მასლოვა-პრისტანში 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ნაწილობრივ დანგრეულია „სოციალური ობიექტის შენობა“ და დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი.

გლადკოვის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ასახული „სოციალური ობიექტის შენობა“ რუსული მედიასაშუალებების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც დაბა მასლოვა-პრისტანში მდებარე ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

ასევე ნახეთ რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს

რუსეთის ბელგოროდის ოლქის შჩებეკინოს რაიონი, სადაც დაბა მასლოვა-პრისტანი მდებარეობს, უკრაინას ესაზღვრება. უკრაინას რუსეთის ამ დასახლებულ პუნქტზე სარაკეტო დარტყმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან ინტენსიურად იბომბება უკრაინის ტერიტორია. უკრაინის თავდაცვის ძალებიც დრონებით და არტილერიით აქტიურად უტევენ ბელგოროდის ოლქს.

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?


ასევე ნახეთ კადიროვი გენერალ შამანოვის წინააღმდეგ - დაპირისპირება ჩეჩნეთის "დერუსიფიკაციის" გამო