რუსეთში აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, სამხედრო ქარხანაში

ქალაქი ჩელიაბინსკი(ფოტო არქივიდან)

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით აფეთქება მოხდა „ერთ-ერთ საწარმოში“. ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი ტეკსლერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებენ.

ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხი, მათ შორის ASTRA წერს, რომ აფეთქება მოხდა ქარხანა „პლასტმასში“, რომელიც რუსეთის არმიისთვის საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს აწარმოებს. კოპეისკი უშუალოდ ესაზღვრება ჩელიაბინსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ჩელიაბინსკს.

ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგი შეტევა იყო, დაღუპულია მაშველი

გუბერნატორ ტეკსლერის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც კონკრეტული საწარმო დასახელებული არ არის, დადასტურებულია 10 ადამიანის სიკვდილი. ჰოსპიტალიზებულია 5 და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გუბერნატორის თანახმად, აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის გამოკვლევა და ნანგრევებისგან გაწმენდა. ტეკსლერი ირწმუნება, რომ საწარმოზე დრონებით შეტევა არ ყოფილა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და „როსნეფტს“


ასევე ნახეთ ევროკავშირმა მიიღო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი


ასევე ნახეთ „ბოლოს მოგიღებ. შენც მოგკლავთ და შვილებსაც დაგიხოცავთ“. კიდევ რამდენიმე უკრაინელი ჰყვება, რომ შვეიცარიაში რუსულენოვანი კაცი დაესხა თავს