აშშ-ში სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სატრანსპორტო თვითმფრინავი MD-11 ქალაქ ლუისვილის აეროპორტთან 4 ნოემბერს ჩამოვარდა

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილის აეროპორტთან სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად.

ლოგისტიკური ავიაკომპანიის, UPS-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი MD-11, რომელიც კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის აეროპორტიდან ჰონოლულუსკენ მიემართებოდა, 4 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 17:15 საათისთვის ჩამოვარდა აფრენიდან მალევე. ხმელეთზე ხანძარმა მოიცვა რამდენიმე შენობა.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებას აწარმოებს სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური საბჭო.

კენტუკის შტატის გუბერნატორ ენდი ბეშირის ინფორმაციით, თვითმფრინავს არ გადაჰქონდა ტვირთი, რომელმაც შესაძლოა, დამატებით გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხე.

UPS-ის ძირითად კლიენტებს შორის არიან აშშ-ის საფოსტო სამსახური და კომპანიები Amazon-ი და Walmart-ი.

განახლება: კენტუკის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.