დიდი ბრიტანეთის ელჩი ლაშა ხუციშვილს შეხვდა

გარეთ უორდისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი „ქართული ოცნების“ მთავრობის ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, შეხვდა. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.

გარეთ უორდი საქართველოში ბრიტანეთის ელჩია 2024 წლის აგვისტოდან, თუმცა ლაშა ხუციშვილთან გაცნობითი შეხვედრა წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ ჰქონდა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას“, - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ შეხვედრის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

თითქმის 1,5 თვის წინ, 25 სექტემბერს, ელჩ გარეთ უორდს საგარეო საქმეთა სამინისტროში „გაესაუბრნენ“, რასაც წინ უსწრებდა სამინისტროში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარება.

ასევე ნახეთ ელჩების "გაძევება" თუ "ცალმხრივი მეგობრობა" - "ოცნებას" სურს, რომ "დიპ სტეიტმა" პარტნიორად აღიქვას

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება, ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.

ელჩების დაბარების ფონზე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ მათ „ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს“.

ასევე ნახეთ ელჩზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა - რისთვის იბარებს “ოცნება" დასავლელ ელჩებს?

ელჩის დაბარებას წინ უსწრებდა საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომლითაც დაგმობილი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. ეს განცხადება ეხმაურებოდა სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარებს, რომლებიც ელჩ ფიშერს შეეხებოდა.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, - ეწერა საელჩოს მიერ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ კატეგორიულად უარვყოფთ და ვგმობთ ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს - გერმანიის საგარეო უწყება