ტერმინი „მზეთა კარტელი“ პირველად 1993 წელს გამოიყენეს, როცა ვენესუელის ეროვნული გვარდიის ორ გენერალს ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდის მფარველობა. გენერლების სამხედრო ფორმის სამხრეზე მზე იყო გამოსახული.
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კარტელს ხელმძღვანელობენ „ნიკოლას მადურო და მისი უკანონო რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები, რომლებმაც მოისყიდეს სამხედროები, დაზვერვა და საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები“.
სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ მადურო და მისი თანამზრახველები არ წარმოადგენენ ვენესუელის კანონიერ მთავრობას.
ვაშინგტონი კარტელს ადანაშაულებს ძალადობაში და აშშ-სა და ევროპაში ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაში. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ კვლავ გამოიყენებს ყველა საშუალებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ნარკოტერორისტების რესურსებისა და დაფინანსების აღსაკვეთად.
ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო „ნარკოტერორისტების“ წინააღმდეგ2025 წლის ივლისში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის კარტელს სანქციები დაუწესა, ტერორისტულ ორგანიზაციად მისი გამოცხადება კი ვაშინგტონს აძლევს უფრო აგრესიული, მათ შორის სამხედრო მეთოდებით მოქმედების შესაძლებლობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ტერორისტად გამოცხადდება ნიკოლას მადუროც, რადგან აშშ პირადად მას ადანაშაულებს კარტელის ხელმძღვანელობაში. მადურო ამას კატეგორიულად უარყოფს.
ბოლო ხანს ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც ვაშინგტონის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. ამერიკული მედიის თანახმად, შეერთებულ შტატებს შემუშავებული აქვს მოქმედების რამდენიმე გეგმა, მათ შორის ვენესუელის ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შესაძლო, ძალისმიერი მეთოდებით ჩამოშორება.
14 ნოემბერს პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად.
15 ნოემბერს ნიკოლას მადურომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს მიმართა, არ დაუშვან ომი კარიბის ზღვის აუზში, რადგან ეს მთელი ამერიკისთვის ტრაგედია იქნება.
16 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშუალოდ ვენესუელაზე დარტყმის არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, მადუროს საუბარი სურს და ის შესაძლოა, შედგეს.
ასევე ნახეთ აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. მას წლებია არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
მადუროს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აშშ ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს.
ასევე ნახეთ ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადოა