მოკლედ
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც, სავარაუდოდ, იყო იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ევროკავშირთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგში მიიღებდა მონაწილეობას, არ პასუხობს კითხვას, მის მიმართ სანქციები გახდა თუ არა დიალოგის გადადების მიზეზი.
- ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 18 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გაუქმდა.
- დიალოგის გადადების მიზეზი რომ ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა, რამდენიმე მედიას, მათ შორის, რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
"სამწუხაროდ, გაუგებარია, რა მიზეზით მიიღეს გადაწყვეტილება, არანაირი ახსნა მათ არ მოუწოდებიათ, იყო საუბარი იმაზე, რომ მზად არიან ამ დიალოგის გადადებაზე, ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს ინფორმაცია", - უთხრა პარლამენტში ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჰკითხეს, იყო თუ არა საქართველოს დელეგაციაში და გახდა თუ არა მის მიმართ სანქციები შეხვედრის გადადების მიზეზი.
"ასეთი მიზეზი ოფიციალურად არავის არ მოუწოდებია, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას ცდება", - თქვა მან.
"ქართველები დაჟინებით მოითხოვდნენ იმ ადამიანების ჩამოყვანას, რომლებსაც ჩვენ (ცალკეული წევრი სახელმწიფოები) სანქციები აქვთ დაწესებული. ეს მიუღებელია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროპელმა დიპლომატებმა. ბრიუსელის განმარტების მიხედვით, შეხვედრა გადაიდო "ქართული მხარის მიერ წამოყენებული დაბრკოლებების გამო.“
განახლება: ამ საკითხს დღის ბოლოს „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით:
„შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ეს ყველაზე მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი კი არ უნდა წამოვიდეს, ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს“.
შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს: შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, როლანდ მესხი და გიორგი სახოკია. მათგან ორს, შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე დარახველიძეს აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სანქციები დაწესებული.
შს მინისტრის კიდევ ერთი სანქცირებული მოადგილე, გიორგი ბუთხუზი 11 ნოემბერს გათავისუფლდა ამ პოსტიდან და ის გიორგი სახოკიამ შეცვალა ამ პოზიციაზე. სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ - მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული.
ევროკავშირს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ერთობლივი სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია - ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართებით ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.
ასევე ნახეთ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას - მარტა კოსი