მოკლედ
- რუსთაველზე, სადაც მოქალაქეები უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ფარგლებში არიან პარლამენტის წინ შეკრებილი, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
- ადგილზე მყოფების თქმით, სამართალდამცველები მათ ხელს უშლიდნენ მარშირების დროსაც - მარშები ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა მას შემდეგ განაახლეს, რაც პოლიცია პარლამენტის წინ მათ გზის გადაკეტვის საშუალებას აღარ აძლევს, ტროტუართან პოლიციის ცოცხალი კედლის აღმართვით.
- დაკავებულთაგან ცნობილია ორის ვინაობა: ვანო სხირტლაძე და მიხეილ ზაქარეიშვილი.
ვანო სხირტლაძე დაკავებამდე პოლიციელების წინ რეზინის ხმოვანი მამლით დასეირნობდა.
მიხეილ ზაქარეიშვილი გასული თვის განმავლობაში ჯერ პირბადის დემონსტრაციულად ტარებით, შემდეგ კი პარლამენტთან მოტოციკლის გაჩერებით აპროტესტებდა ახალმიღებულ კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები და დემონსტრანტები რეპრესიულად მიიჩნევენ.
ზაქარეიშვილის დაკავების კადრებში ჩანს პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი. დემონსტრანტი პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუარზე მდგარი დააკავა.
პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა 19 ნოემბერსაც - ბოლო პერიოდში სამართალდამცველები ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის მონაწილეები. მათ არ აძლევენ გზების საავტომობილო ნაწილებზე მარშირების უფლებას, ცოცხალი კედლებით ზღუდავენ ტროტუარებზე გადაადგილებასაც და როგორც წესი, არ განმარტავენ, რა არის შეზღუდვების საფუძველი.
პოლიციის ქმედებების ფონია გამკაცრებული კანონმდებლობაც, რომელიც ზოგი ადმინისტრაციული დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები უნდა გაუქმდეს - ეუთო/ოდირი