უფრო მეტი ფიქრობს, რომ რუსეთზე მეტად აზრზე ზეგავლენას აშშ და ევროკავშირი ცდილობენ - MDF-ის კვლევა

რუსეთის დროშა

მედიის მოხმარებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ „მედიის განვითარების ფონდის“ დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას საქართველოს პარტნიორი აშშ და ევროკავშირი უფრო ცდილობენ, ვიდრე ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი. მაისში ჩატარებული კვლევის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირი იყო.

შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეულ 1053 ადამიანთან სატელეფონო ინტერვიუმ აჩვენა, რომ მათთვის (67%) მნიშვნელოვანია მიმდინარე სიახლეებს არ ჩამორჩნენ, თუმცა მხოლოდ 7%-სთვის არის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ცდილობენ სხვა სახელმწიფოები საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართულად მანიპულირებას, რესპონდენტებმა ასე უპასუხეს:

  • ყოველთვის - 16%;
  • ხშირად - 39%;
  • იშვიათად - 17%;
  • მცდელობები არ შეინიშნება - 11%.

იმ გამოკითხულთა 33 პროცენტი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსგავსი ზეგავლენა არსებობს, ვერ ასახელებს ქვეყანას. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - 24%;
  • ევროკავშირი - 17%;
  • აშშ - 14%.

*ჯამში აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფრო მეტი (31%) რესპონდენტი ასახელებს, ვიდრე რუსეთს (24%).

კვლევა მედიის მიმართ ნდობასაც შეეხებოდა. ყველაზე მეტი მაყურებელი პროსახელისუფლებო არხებს ჰყავს, თუმცა მაყურებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოში აზრზე ზეგავლენას ცდილობს.

კვლევის მიხედვით, სამ პროსახელისუფლებო არხს („იმედი“, „რუსთავი 2“ და PosTV) 45% ენდობა, სხვა არხებს კი მხოლოდ 23%. გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ არ უყურებს ტელევიზიებს;

„იმედს“ ყველაზე მაღალი (38%) ნდობა აქვს, მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ (28%), შემდეგ კი - საზოგადოებრივი მაუწყებელი (24%) და „TV პირველი“ (22%);

„პროსახელისუფლებო არხების მაყურებელთა 18% ფიქრობს, რომ აშშ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ერევა. სხვა არხების მაყურებელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 8%-ია“.

ბოლო თვეებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ხშირად საყვედურობენ ანტიევროპული განცხადებების გაკეთების გამო. „ქართული ოცნება“ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებზე კრიტიკას საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვამს.