კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ლუკა კურტანიძე კიდევ ორ თვეს გაატარებს საპატიმროში

დღეს საღამოს, 5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძე დამნაშავედ ცნო ყოფილ ცოლზე ძალადობაში და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ის ივლისის ბოლოს დააკავეს ყოფილ ცოლზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყო - მას მისჯილი 7-დან მხოლოდ 2 თვე დარჩა მოსახდელი.

კურტანიძეს ბრალი ასევე ედებოდა „საკუთრების მფლობელობის დარღვევასა“ და „ნივთის დაზიანებაში“, თუმცა ამ ნაწილში იგი გაამართლეს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო“, - თქვა კურტანიძემ განაჩენის გამოცხადებამდე.

ასევე ნახეთ ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დაკავებულ ლუკა კურტანიძეს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ, ივლისის ბოლოს დააკავეს. ძალადობის კადრები გავრცელდა სოციალური ქსელითაც.

კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია ცდილობდა შეეჩერებინა ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილი ცოლისკენ გინებით მიიწევდა. ამ დროს ქალი ძირს დაეცა.

ქალი სამართალდამცავებს მიმართავს, „დააკავეთ, რატომ არ აკავებთ, ხომ არის მოძალადე“. შემდეგ კადრში ისმის, როგორ უყვირის ქალი პოლიციელს, რომელსაც ხელში, სავარაუდოდ, ქალის ტელეფონი უჭირავს: „ტელეფონიდან ნუ შლით ვიდეოს, ტელეფონიდან შლის საპატრულო ეკიპაჟი წევრი ვიდეოს. სასწრაფოდ დამიბრუნეთ ტელეფონი“.

მოგვიანებით შსს-მ განაცხადა: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება -კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

ასევე ნახეთ „იყენებდა ძალაუფლებას“ - ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი ჰყვება რატომ არ სჯიდნენ ექს-პარლამენტარს ძალადობისთვის
  • ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" (2015-2016 წლებში); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი 2013-2015 წლებში.
  • 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.