კრემლი დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებას მოითხოვს. ეს ყველაზე რთული საკითხია აშშ-ის მიერ ინიციირებული სამშვიდობო წინადადებების განხილვისას, რომელიც ნოემბრიდან მიმდინარეობს.
როგორც უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები, მათ შორის გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ და სააგენტო „ფრანს პრესი“ წერენ, ტერიტორიების შესაძლო დათმობის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს კიევში 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხს პასუხი უნდა გასცეს უკრაინის ხალხმა. არჩევნების, ან რეფერენდუმის ფორმატით, მაგრამ უნდა იყოს უკრაინის ხალხის პოზიცია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რას მოიმოქმედებენ პარტნიორები, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ კვლავ წამოიწყოს აგრესიაუკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საკუთარი ნებით ტერიტორიების დათმობას არ დასთანხმდება.
11 დეკემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიას უამბო აშშ-ის „კომპრომისულ ხედვაზეც“, რომლის თანახმად, უკრაინის ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს, მაგრამ მათი გასვლის შემდეგ იქ არ შედიან რუსეთის ჯარები და იქმნება „თავისუფალი ეკონომიკური“, თუ „დემილიტარიზებული ზონა". თუმცა, ვინ უნდა მართოს ეს ტერიტორია, გაურკვეველია.
ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ორი ყველაზე საკვანძო, სადავო საკითხია დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ორივე მხარით იმედგაცრუებულია, მას აღარ სურს საუბრები და მხოლოდ მოქმედება და ომის დასრულება უნდა.
ასევე ნახეთ რიუტე: კონფლიქტი ჩვენს კართან არის და ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა გადაიტანეს- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.