ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსების სიაში ამერიკელი, შვეიცარიელი და ფრანგიც მოხვდნენ

ევროკავშირმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო სანქცირებულთა სია და მას დაამატა კიდევ 12 ფიზიკური პირი და 2 ორგანიზაცია. მათ შორის, ვის წინააღმდეგაც სანქციები დღეიდან, 15 დეკემბრიდან ამოქმედდა, აშშ-ის, საფრანგეთის და შვეიცარიის მოქალაქეებიც არიან.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტით, სანქცირებულია აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე, ფლორიდის შერიფის ყოფილი მოადგილე ჯონ დუგანი, რომელიც რუსეთში 2016 წელს გაიქცა. მას ადანაშაულებენ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირში, კრემლის მხარდამჭერ ციფრულ საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობასა და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების მართვაში.

ევროკავშირის მიერ სანქცირებულია შვეიცარიის მოქალაქე, ამ ქვეყნის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიის ანალიტიკოსი ჟაკ ბო, რომელიც ხშირადაა პრორუსული სატელევიზიო და რადიოპროგრამების სტუმარი, „პრორუსული პროპაგანდის რუპორია“ და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, მაგალითად, თავად უკრაინას ადანაშაულებს შეჭრის ორგანიზებაში ნატოში გაწევრების მიზნით.

კრემლის პროპაგანდისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის ევროკავშირის მიერ სანქცირებულია საფრანგეთის მოქალაქე, ყოფილი ოფიცერი, ბიზნესმენი და ვებსაიტ Stratpol-ის დამაარსებელი ქსავიე მოროც.

ევროკავშირის ფინანსური და სავიზო სანქციები შეეხო წარმოშობით უკრაინელ, ამჟამად რუსეთში მცხოვრებ ჟურნალისტ დიანა პანჩენკოს, რომელიც ამზადებს და ავრცელებს უკრაინისა და ნატოს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერ მასალებს.

ასევე ნახეთ რუსეთის ცენტრალური ბანკი ევროპული დეპოზიტარისგან 18,1 ტრილიონ რუბლს ითხოვს

დღეიდან ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან რუსეთის მოქალაქეები: სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცრები დმიტრი გოლოშუბოვი, დენის დენისენკო და ვლადისლავ ბოროვკოვი, პროპაგანდისტი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი ფიოდორ ლუკიანოვი, ამავე კლუბის პროგრამების დირექტორი, პოლიტოლოგი ივან ტიმოფეევი, „ვალდაის“ განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, მედიამენეჯერი ანდრეი ბისტრიცკი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკანი ანდრეი სუშენცოვი და „კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დმიტრი სუსლოვი.

ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიას დაემატნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის 142-ე ბატალიონი, რომელიც კალინინგრადშია დისლოცირებული და ევროკავშირის თანახმად, ჩართულია მოწინააღმდეგის ნავიგაციისა და რადიოკავშირის დარღვევაში. სანქცირებულია „რუსოფილების საერთაშორისო მოძრაობაც“, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინთან და რუსეთის მთავრობის სახელით მთელ მსოფლიოში ავრცელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ მასალებს.