ტრამპმა BBC-ს სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოში უჩივლა ბრიტანულ მაუწყებელ BBC-ს, რომელსაც ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ტრამპის ადვოკატებმა სარჩელით 15 დეკემბერს მიმართეს ფლორიდის სასამართლოს. BBC-ს ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ ჰქონია.

მედიასაშუალებების ნაწილის, მათ შორის თავად BBC-ს ცნობით, დონალდ ტრამპი ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციისგან 5 მილიარდ დოლარს მოითხოვს. The Guardian-ი და Financial Times-ი 10 მილიარდის შესახებ წერენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატები BBC-ს ბრალს სდებენ ტრამპის გამოსვლის მიზანმიმართულ და შეცდომაში შემყვან რედაქტირებაში. საუბარია ტრამპის გამოსვლაზე 2021 წლის 6 იანვარს, როცა მისი მომხრეები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ბრიტანული მაუწყებლის პროგრამა „პანორამაში“ შარშან გამოყენებული ფრაგმენტი იმგვარად იყო დამონტაჟებული, რომ ტრამპის მხრიდან წაქეზების შთაბეჭდილებას ქმნიდა.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა BBC-ს სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის დამოუკიდებელი მრჩევლის, მაიკლ პრესკოტის სამსახურებრივი წერილი, რომელშიც ყურადღებას ამახვილებდა ტრამპის გამოსვლის მონტაჟზე.

ასევე ნახეთ BBC ბოდიშს უხდის ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის, მაგრამ არ ეთანხმება კომპენსაციის გადახდას

2025 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ BBC-ს უჩივლებს და კომპენსაციას მოითხოვს.

თავად ბრიტანულმა მაუწყებელმა შეცდომა აღიარა, ტრამპს ბოდიში მოუხადა, თუმცა განმარტა, რომ ბოროტი განზრახვა არ ყოფილა და ვერ ხედავს ცილისწამების შესახებ განცხადებისა და კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს.

არასწორი მონტაჟით გამოწვეული კრიტიკის გამო გადადგნენ კორპორაცია BBC-ს გენერალური დირექტორი ტიმ დეივი და BBC News-ის დირექტორი დებორა ტერნესი.

ასევე ნახეთ კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშს ითხოვს - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს