პარლამენტში არ მიიღეს გახარიას პარტიის ინიციატივა შარშან აქციებისას „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად

სავარაუდოდ, ქიმიური აგენტი „კამიტის“ გამოყენების საკითხზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. ფოტო: 2024 წლის 7 დეკემბერი.

დღეს, 2025 წლის 17 დეკემბერს სადავო პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებისას ძალის გადამეტებისა და, სავარაუდოდ, ქიმიური აგენტი „კამიტის“ გამოყენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ინიციატივას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდებოდა, თუმცა მას მხოლოდ გახარიას პარტიის 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. „წინააღმდეგ“ ხმა მხოლოდ ორმა დეპუტატმა მისცა. სხვებს ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღიათ.

  • ექსპრემიერი გიორგი გახარიას თანაგუნდელების 12-წევრიანმა ფრაქციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი პარლამენტში 5 დეკემბერს დაარეგისტრირა.
  • მათ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც 1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას ათიათასობით მომიტინგის წინააღმდეგ შსს-ის მიერ ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის, იგივე camite-ის სავარაუდო გამოყენების შესახებ;
  • ამ ცნობებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავიდანვე უარყოფდა.
ასევე ნახეთ კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშს ითხოვს - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს

დღეს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე გახარიას პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პარტიაში აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ „2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში ადგილი ჰქონდა კანონით აკრძალული ნივთიერებების და აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებას“.

„5 დღეში ჩატარებული ე.წ. „გამოძიებით“ გინდათ წერტილი დაუსვათ საქმეს, რომელიც სამართლიანად აღელვებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არა მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვს პასუხი, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს მათ ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მათ, ვისაც არ სურს, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავრობამ საკუთარი ხალხი შეიძლება ასე გაიმეტოს“, - განაცხადა შარაშიძემ.

მისმა თანაგუნდელმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება, ან პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედებები არ იყოს საკმარისად ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საწარმოებლად“.

მისი თქმით, „სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას“ ემსახურებოდა საგამოძიებო კომისიის ინიციირება.

  • 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა;
  • ამასთან, სუს-მა განაცხადა, რომ „გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“.
ასევე ნახეთ 12 მანდატით - გახარიას პარტიას სურს, რომ ქიმიური ჭავლის ამბავი სადავო პარლამენტშიც გამოიძიონ
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებიდან, სადავო პარლამენტში მარტო გიორგი გახარიას პარტიაა წარმოდგენილი. დანარჩენებმა მანდატები გააუქმეს. პარლამენტი მათთვის არალეგიტიმურია და შესაბამისად - არალეგიტიმურად თვლიან მის ნებისმიერ კომისიასაც.
  • სადავო პარლამენტის „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დაიჭირეს მოქმედი და ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
  • ახლა სამ მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებას „ქართული ოცნება“ სწორედ ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე უპირებს აკრძალვას, საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით.
  • ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა გახარიას პარტია, როგორც „ოცნებამ“ ახსნა - პოლიტიკურმა ძალამ სწორედ სადავო პარლამენტში შესვლით "გადაირჩინა თავი".